რევაზ სოხაძე თბილისის №152 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა
21 ნოემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, თბილისის საკრებულოს წევრ გიორგი დოხრუტიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად, თბილისის №152 საჯარო სკოლის მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.
ვარკეთილში მდებარე №152 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურ განვითარების ფონდს გადაეცა მას შემდეგ, რაც სასკოლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის ახალი შენობის პროექტირება. პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მშენებლობას.
რევაზ სოხაძემ მშობლებისა და პედაგოგების მოსაზრებები და წუხილები მოისმინა და, თავის მხრივ, მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ეტაპებთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი რამდენიმე თვეში შეძლებს სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენასთან ერთად, პროექტს ექნება ზუსტი სამუშაო გეგმა და ვადები.
„გულწრფელ ბოდიშს ვუხდით მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც დღეს სწავლა-სწავლების პროცესი დისკომფორტში უწევთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 152-ე სკოლის მშენებლობის პროცესი რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. სკოლა ნებისმიერი ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა. თუმცა, არსებობს გარკვეული ობიექტური გარემოებები, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენ ვიმუშავებთ მაქსიმალურად სწრაფად და პასუხისმგებლობით,”-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.